15-17 აპრილს, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და კონფერენცია დეუსტოს უნივერსიტეტში (ბილბაო, ესპანეთი) გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, სოფიო შენგელია. კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ იურიდიული განათლების გადახედვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში (Rethinking Legal Education in the Age of AI).
ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და იურიდიული პროფესიის სხვადასხვა გამოცდილებებს ეხებოდა და აერთიანებდა პრაქტიკულ ხედვებსა და მომავალზე ორიენტირებულ დისკუსიას.
აღსანიშნავია, რომ გენერალურმა ასამბლეამ იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ახალ პრეზიდენტად იტალიის ლომბარდიის რეგიონის ქალაქ კომოსა და ქალაქ ვარესეს ინსუბრიას უნივერსიტეტის (University of Insubria) რექტორი ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, ბარბარა პოზზო აირჩია. ასამბლეამ ასევე განიხილა ორგანიზაციის სამომავლო განვითარების საკითხები, განახლდა მმართველი საბჭოს შემადგენლობა და დამტკიცდა მომავალი წლის ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის სამართლის სკოლა წევრის სტატუსით ორგანიზაციას 2008 წლიდან შეუერთდა, თავის მხრივ ევროპული იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის დონეზე სამართლის ისეთ ფაკულტეტებს წარმოადგენს, რომლებიც იურიდიულ საგანმანათლებლო და სატრენინგო პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი.
