კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის პროექტი შოთა რუსთაველის ფონდის გამარჯვებულია

31 March 2025

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის მაქსიმ იავიჩის პროექტი  - ავტორის იდენტიფიცირება ხელნაწერთა გრაფემატული კვლევით შოთა რუსთაველის ფონდის გამარჯვებულია.

 

პროექტი ითვალისწინებს გალაკტიონ ტაბიძის ციფრული არქივის გრაფემატულ კვლევას ავტორის იდენტიფიცირების მიზნით. ასეთი კვლევის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ პოეტის ციფრულ არქივში მისი ხელნაწერების გარდა არის განსხვავებული ხელით ნაწერი არაერთი, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ტექსტი. შესაბამისად, ატრიბუციული კვლევის გარეშე ვერცერთ ხელმოუწერელ ტექსტს პირდაპირ ვერ მივაკუთვნებთ გალაკტიონს. არქივში 1700-მდე ერთეულია, რომელთაგან ზოგიერთი 100 და 200 გვერდის მოცულობისაც არის. შესაბამისად, საკვლევი ბევრია.

 

პროექტზე მომუშავე გუნდს უკვე აქვს განხორციელებული მსგავსი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გალაკტიონ ტაბიძის ტექსტების დათარიღებას ასევე გრაფემატული მეთოდებით. მის ფარგლებში მოხდა პოეტის ასობით ტექსტის დათარიღება და გამოიცა მონოგრაფია, რომელიც ასახავს საქართველოსთვის ამ უპრეცედენტო კვლევის შედეგებს. რამდენადაც ატრიბუციული კვლევის მიზანია არა დათარიღება, არამედ ავტორის იდენტიფიცირება, ესეც იქნება ჩვენს ქვეყანაში კვლევის ამ უახლესი მეთოდოლოგიით განხორციელებული პირველი პროექტი. შედეგების მაქსიმალური სიზუსტის მიზნით, მასში გამოყენებული იქნება როგორც ნაწილობრივ მანუალური, ისე მთლიანად ავტომატიზირებული მიდგომები.