17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეაში”, „საუბრები ლიბრარეას“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე „მედეას მოგზაურობა “- ბერძნული მითიდან ქართულ ტაბუმდე.
ლექციას უძღვებოდა ელინისტი და მთარგმნელი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი თათია მთვარელიძე, რომელმაც მსმენელს გააცნო მედეას სახის განსხვავებული გააზრება ბერძნულ და ქართულ კულტურებში.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მედეას, როგორც ბერძნული მითოსისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟის, როლი და მისი განსხვავებული აღქმა ორ კულტურულ სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედეას არქეტიპულ სახეს ბერძნულ მითოლოგიაში - ძლიერი და ამავდროულად საშიში ქალის ფიგურას და მის ტრანსფორმაციას ქართულ ნარატივში, სადაც მედეა ხშირად ჩაგრული, მოტყუებული და ისტორიულ ტრავმად ქცეული პერსონაჟის სახით წარმოგვიდგება.
ლექციის განმავლობაში განხილულ იქნა ის მიზეზებიც, რომლებმაც მედეა ქართველთა კოლექტიურ ცნობიერებაში ტაბუდ აქცია, ასევე ის მცდელობები, რომლებიც ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში მის რეაბილიტაციას ემსახურება.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა, სადაც სტუდენტებმა და დამსწრეებმა აქტიურად დასვეს კითხვები მედეას მითის სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესახებ.
