კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მაკედონიის უნივერსიტეტის ამერიკულ კოლეჯში

21 June 2022

21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია პარტნიორ უნივერსიტეტს - მაკედონიის უნივერსიტეტის ამერიკულ კოლეჯს (University American College Skopje) - ეწვია. 


ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანს, სოფიო შენგელიასა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორს, ირენა მელუას პარტნიორი უნივერსიტეტის პროვოსტმა, პროფესორმა მარიან ბოიადიევმა (Marjan Bojadjiev) უმასპინძლა. 



ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამერიკული კოლეჯის სამართლის სკოლის დეკანთან, მარკო ანდონოვთან (Marko Andonov), რომელიც მიზნად ისახავდა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეებმა  განიხილეს ერთობლივი მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობები.

 

"American College of Skopje" მაკედონიის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო დაწესებულება აერთიანებს 6 ფაკულტეტს. მას მოპოვებული აქვს ACBSP აკრედიტაცია, ასევე ერთადერთი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფლობს სადოქტორო პროგრამის სწავლების უფლებას.