კავკასიის უნივერსიტეტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

18 December 2025

კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითმა პროექტმა მოიპოვა დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის კონკურსში. 

 

უნივერსიტეტის პროექტი სახელწოდებით „კრიზისებისა და კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და მდგრადობის შეფასება საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სამედიცინო ორგანიზაციებში“ 134 წარდგენილ პროექტს შორის მოხვდა დაფინანსებისთვის შერჩეულ გამარჯვებულთა სიაში.

 

პროექტის ავტორებია:

 

  • ქეთევან ომანაძე (ახალგაზრდა მეცნიერი), კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი;
  • თენგიზ ვერულავა (სამეცნიერო ხელმძღვანელი), კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი.

 

პროექტის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მოქმედი სამედიცინო ორგანიზაციების კრიზისებისა და კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და მდგრადობის კომპლექსური შეფასება. კვლევა მოიცავს არსებული სისტემური მექანიზმების, სტრატეგიების, ინსტიტუციური კოორდინაციისა და რესურსების მართვის პრაქტიკის ანალიზს, რაც საშუალებას მოგვცემს გამოიკვეთოს ის ძირითადი პრობლემური მიმართულებები, რომლებიც ზღუდავს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიან და დროულ რეაგირებას საგანგებო ვითარებების დროს. კვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას, წინასწარი დაგეგმვის გაუმჯობესებასა და რესურსების მობილიზაციის ეფექტიან მართვას მრავალმხრივი რისკებისა და საფრთხეების პირობებში.

 

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტის შედეგები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში. ასევე, პოლიტიკის შემქმნელთათვის და ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის მომზადდება პრაქტიკაზე ორიენტირებული ანალიტიკური დოკუმენტი.

 

კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სასაზღვრო რეგიონების სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობების შეფასებასა და გაძლიერებაში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.