საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Bulgarian Cardiology“ გამოქვეყნდა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა “Lipoprotein (a) as an independent cardiovascular risk factor".
ნაშრომის ავტორები არიან: ლელა კოპალეიშვილი, თამარ ჩხაიძე, სოფიო უნგიაძე, ლელა კაპანაძე, თენგიზ ვერულავა.
სტატიის ბმული: https://journal.bgcardio.org/article/184927/
Kopaleishvili, L., Chkhaidze, T., Ungiadze, S., Kapanadze, L., & Verulava, T. Lipoprotein (a) as an independent cardiovascular risk factor. Bulgarian Cardiology. 32(2). doi: 10.3897/bgcardio.32.e184927
ჟურნალი „Bulgarian Cardiology“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
კვლევა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის და აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლობით. ისინი მრავალი წელია თანამშრომლობენ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში, რაც ადასტურებს მათ მტკიცე პარტნიორობას კლინიკური კვლევისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით.
რეზიუმე:
სტატია მიმოიხილავს ლიპოპროტეინ (a)-ს [Lp(a)], როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დამოუკიდებელ და ძირითადად გენეტიკურად განსაზღვრულ რისკ-ფაქტორს. მაღალი ლიპოპროტეინ (a) ხელს უწყობს ათეროსკლეროზულ, თრომბოზულ და ანთებით პროცესებს და დაკავშირებულია გულის კორონარული დაავადების, იშემიური ინსულტისა და აორტის სარქვლის კალციფიცირებული სტენოზის მომატებულ რისკთან. მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეხუთე ადამიანის ლიპოპროტეინ (a)-ს დონე მომატებულია.
ნაშრომში განხილულია ლიპოპროტეინ (a)-ს პათოფიზიოლოგია, გავრცელება, კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომები და მკურნალობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალ RNA-ზე დაფუძნებულ თერაპიებსა და გენური რედაქტირების მეთოდებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს მაღალი ლიპოპროტეინ (a)-ს მქონე პაციენტების მართვა.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ლიპოპროტეინ (a)-ს დონე ძირითადად გენეტიკურად არის განსაზღვრული და ცხოვრების წესის ცვლილება მასზე მცირე გავლენას ახდენს. თანამედროვე რეკომენდაციების შესაბამისად, ლიპოპროტეინ (a)-ს განსაზღვრა ზრდასრულ ასაკში ერთხელ მაინც არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით მაღალი გულ-სისხლძარღვთა რისკის მქონე პირებში. მაღალი მაჩვენებლის გამოვლენა საშუალებას იძლევა უკეთ შეფასდეს ინდივიდუალური რისკი და უფრო ინტენსიურად განხორციელდეს სხვა მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების მართვა.
