რაჭა-ლეჩხუმის პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე

9 July 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რაჭა-ლეჩხუმის პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში დემო დღე გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა პროგრამის განმავლობაში მათ მიერ განვითარებული ინოვაციური ბიზნეს იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს. დემო დღეზე საკუთარი იდეა შვიდმა სტარტაპ გუნდმა წარადგინა, რომლებმაც 4 კვირის განმავლობაში მენტორების მხარდაჭერით იმუშავეს იდეების დახვეწაზე, ბიზნეს მოდელის განვითარებასა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე.

 

დემო დღის ფარგლებში, მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

 

  • თეონა ჩუხრუკიძე – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების მენეჯერი
  • ლევან მერებაშვილი - SAIT - ის დამფუძნებელი და CEO, GITA - ს 150 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული
  • ანა ლებანიძე - Psycare - ის დამფუძნებელი და GITA - ს რაჭა-ლეჩხუმის 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული 
  • დემო დღის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი -Teachme AI. 

 

გამარჯვებული გუნდი გახდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, იდეის განვითარების მომდევნო ეტაპებზეც ისარგებლონ ცენტრის მუდმივი მხარდაჭერით. საჭიროების შესაბამისად, გუნდი მიიღებს მენტორინგს, კონსულტაციებს და სხვა რესურსებზე წვდომას, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპის წარმატებულ განვითარებას.

 

ამასთან, გამარჯვებული გუნდის მხარდასაჭერად, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო სამუშაო სივრცე, რომლითაც სტარტაპი საკუთარი საქმიანობისა და იდეის განვითარების პროცესში საჭიროებისამებრ ისარგებლებს.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი ინოვატორებისა და დამწყები მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და მენტორული მხარდაჭერის მიწოდებას, რათა შეძლონ საკუთარი იდეების სიცოცხლისუნარიან ბიზნესად გარდაქმნა და წარმატებით ჩაერთონ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში.

 

პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.