პროფესორ ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ლაიდენის უნივერსიტეტში

20 July 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით და ცენტრის დამფუძნებლის, პროფესორ ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით, სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტები - ლიზი ქაშაკაშვილი და გურანდა ღვედაშვილი 29 ივნისს - 4 ივლისის კვირაში სასწავლო ვიზიტით ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში (Leiden University) იმყოფებოდნენ.

 

ლაიდენის უნივერსიტეტი ევროპის წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) დამფუძნებელი წევრია და საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგებში (მათ შორის, QS World University Rankings და Times Higher Education) სამართლის მიმართულებით, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე პოზიციებს იკავებს.

 

საზაფხულო სკოლის ძირითად თემას წარმოადგენდა „ბავშვის უფლებები, ანგარიშვალდებულება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა“ (Children's Rights to Accountability and Access to Justice). პროგრამის ფარგლებში, აკადემიური კუთხით, განხილულ იქნა შემდეგი აქტუალური საკითხები: ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემების დანერგვის სამართლებრივი მექანიზმები; ლტოლვილი და მიგრანტი ბავშვების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები; ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა შეიარაღებული კონფლიქტების დროს; ციფრულ და საგანმანათლებლო გარემოში ბავშვის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თანამედროვე გამოწვევები და სხვ.

 

კურსის ფარგლებში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, განხორციელდა პრაქტიკული სასწავლო ვიზიტები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა (ICC, ჰააგა) და ამსტერდამის საქალაქო სასამართლოში. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურებს და სისხლისსამართლებრივი დევნის თავისებურებებს. გაიმართა შეხვედრა ამსტერდამის სასამართლოს მოსამართლეებთან. სტუდენტებმა უშუალოდ მოსამართლეებისგან მიიღეს ინფორმაცია ჰოლანდიის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის (Juvenile Justice), საქმეთა განხილვის სპეციფიკისა და პრევენციული მექანიზმების შესახებ.

 

ვიზიტის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ ლაიდენის უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი ყოველწლიურად გააგრძელებს სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. უახლოეს პერიოდში, 2026 წლის ოქტომბერში, იგეგმება სასწავლო ტური შვეიცარიაში.