კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრანტები ევროპის ჯანდაცვის მენეჯმენტის კონფერენციაზე (EHMA 2026)

18 June 2026

10-12 ივნისს, ბარსელონაში, IESE Business School-მა ევროპის ჯანდაცვის მენეჯმენტის ორგანიზაციის კონფერენციას - European Health Management Conference - EHMA 2026 უმასპინძლა.

 

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტისა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები - ხატია სილაქაძე და მაგდა ცნობილაძე.

 

ახალგაზრდა მკვლევრებმა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელია, ხოლო მათი სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი თენგიზ ვერულავა.

 

კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები:

 

  • ხატია სილაქაძის მოხსენება: „იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში“. კვლევა მიზნად ისახავს არსებული სისტემური ბარიერების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, მათ შედარებას მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილებასთან და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას სახელმწიფო პოლიტიკისა და დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებისთვის.
  • მაგდა ცნობილაძის მოხსენება: „კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის სტიმულები დაავადებათა პრევენციის მიმართ: შესაძლებლობები და ბარიერები“. ნაშრომი სწავლობს, თუ როგორ მოქმედებს კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის მოკლევადიანი ფინანსური ინტერესები დაავადებათა პრევენციის ხელშეწყობაზე და რა პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობებია საჭირო იმისათვის, რომ კერძო დაზღვევის სისტემა სამკურნალო ხარჯების უბრალო დაფინანსებიდან პრევენციული ჯანდაცვის სრულფასოვან პარტნიორად გადაიქცეს.

 

კონფერენციას, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წამყვან წარმომადგენლებსა და მკვლევრებს მასპინძლობდა, არაერთი აქტუალური თემა დაეთმო, მათ შორის:

 

  • ციფრული ტრანსფორმაცია და ოპერაციული ინოვაციები ჯანდაცვაში;
  • ლიდერობა მდგრადი და უსაფრთხო ჯანდაცვისთვის;
  • ინოვაციები ჯანდაცვის სერვისების მართვაში;
  • სკრინინგი და ციფრული დიაგნოსტიკა;
  • პრევენციული ჯანდაცვის ეკონომიკური ანალიზი და სტრატეგიული მართვა სისტემის მდგრადობისთვის.

 

კონფერენციაში მონაწილეობა და ამ მასშტაბის საკითხების განხილვა ჩვენს მაგისტრანტებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომ პროფესიულ ზრდაში დაეხმარება.