წიგნის "ციფრული მმართველობა და კიბერდიპლომატია" პრეზენტაცია

19 მაისი 2026
19 მაისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ წიგნის "ციფრული მმართველობა და კიბერდიპლომატია" პრეზენტაცია გაიმართება.
 
წიგნი შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ფარგლებში ვლადიმერ სვანაძისა და მაქსიმ იავიჩის ავტორობით და წარმოადგენს ციფრული მმართველობისა და კიბერდიპლომატიის მიმართულებით საქართველოში პირველ ქართულენოვან გამოცემას. წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს და მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ყველა საფეხურის სტუდენტს, ისე მეცნიერ - მკვლევარებს.
 
წიგნში აღწერილია ციფრული მმართველობის გამოწვევები, საუკეთესო გამოცდილებები, არსებული არქიტექტურა და გაეროს მიერ მიღებული უახლესი დოკუმენტი (Global Digital Compact, GDC) ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე 2025-2030 წლებში, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკები და სტრატეგიები, კიბერდიპლომატიაზე უახლესი ტექნოლოგიების (ხელოვნური ინტელექტი, კვანტური და ბლოქჩეინ ტექნოლოგიები, ნივთების ინტერნეტი) გავლენები.
 
ავტორების შესახებ:
 
ვლადიმერ სვანაძე არის საჯარო მმართველობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. ის ასევე არის საქართველოს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ვიცე - პრეზიდენტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI) გამგეობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი. მისი საქმიანობის სფერო უკავშირდება კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით სამეცნიერო - პრაქტიკულ და აკადემიურ კვლევებს.
 
მაქსიმ იავიჩი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კორესპონდენტი წევრი, პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი. იგი ასევე არის სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი და კიბერუსაფრთხოების და პოსტ-ქვანტური კრიპტოგრაფიის სფეროს ექსპერტი, მნიშვნელოვანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილებით. 2025 წელს იგი იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის Weiser Scholar. მისი საქმიანობა მოიცავს თანამედროვე კიბერუსაფრთხოების კვლევას, განათლებას და ინოვაციების განვითარებას საერთაშორისო დონეზე.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.