საჯარო ლექცია - საქართველოს კოლონიზაცია, დეკოლონიზაცია და რეკოლონიზაცია

25 მარტი 2025

25 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია ისტორიკოს ბექა კობახიძესთან თემაზე - „საქართველოს კოლონიზაცია, დეკოლონიზაცია და რეკოლონიზაცია“.

 

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია "იმპერიათა ეპოქაში" მოხდა. ამან ერთი მხრივ მოიტანა კოლონიური ჩაგვრა, დისკრიმინაცია, რუსიფიკაცია, ხოლო მეორე მხრივ ის, რასაც ისტორიკოსები უწოდებენ mission civilizatrice-1918 წელს "იმპერიათა ეპოქა" დასრულდა და დაიწყო "ხანმოკლე მეოცე საუკუნე", რომელიც ერი-სახელმწიფოებისა და ნაციონალიზმის ეპოქა გამოდგა. მეოცე საუკუნეში საქართველომ ორჯერ სცადა დეკოლონიზაცია - 1918 და 1991 წლებში. რუსეთის იმპერია ორივეჯერ დაბრუნდა.

 

ლექციაზე საუბარი გვექნება იმაზე თუ რას გვეუბნება გლობალური ისტორია ამ პროცესების შესახებ, რა მოხდა და რას უნდა ველოდეთ.

 

შეხვედრა ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

 

ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:

 

ბექა კობახიძემ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელს. ის გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.

 

ის ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2022-2024 წლებში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის დევისის სახელობის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. 2018-2019 წლებში ბექა კობახიძე გახლდათ ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკვეთა და XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია.

 

ამასთანავე, ბექა კობახიძე გახლავთ პრაქტიკოსი: 2009-2015 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, 2019-2022 წლებში კი მუშაობდა უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში.