17 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეაში”, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე „მედეას მოგზაურობა “- ბერძნული მითიდან ქართულ ტაბუმდე.
კოლხეთის მეფის ასული - მედეა ბერძნული მითოსისა და ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია, რომლის მითოპოეტური სახეც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ აღქმას იწვევს ბერძნულ და ქართულ კულტურულ სივრცეებში.
ქართველთა თავგადასავალი მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში ძველი კოლხეთითა და არგონავტების მითით იწყება. სწორედ ბერძნულმა მითოსმა შემოგვინახა პირველი კოლხი ქალის - მედეას ამბივალენტური სახეც, რომელიც ძლიერი, მრავლისმცოდნე, მრავლისშემძლე და ამავდროულად, საშიში ქალის არქეტიპად იქცა. ბერძნული აღქმით, მზის ღმერთის - ჰელიოსის შთამომავალი, ჰეკატეს უმაღლესი ქურუმი, კოლხეთის მეფის - აიეტის ასული, მაგრამ მაინც ბარბაროსი მედეა თავდაყირა აყენებს ცივილიზაციის არსებულ მოდელსა და ერთი შეხედვით, მწყობრ ბერძნულ მართლწესრიგში საკუთარი წესრიგი შეაქვს. დიდმა ბერძენმა დრამატურგმა - ევრიპიდემ მედეას მითოლოგიური პერსონაჟი ტრაგიკულ გმირად გარდაქმნა და მსოფლიო ცივილიზაციის არქეტიპულ ფიგურად აქცია. მედეას სახის ბერძნულმა გააზრებამ სათავე დაუდო მისი პერსონაჟის მრავალგვარ ინტერპრეტაციას და მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ნიმუშის ინსპირაციის წყაროდ იქცა. ბერძნულ აღქმაში მედეა დღემდე რჩება ძლიერი და ამავდროულად, საშიში ქალის არქეტიპად, რაც არ იცვლება მითის არც პირველად, არც მოგვიანო ვერსიებში.
ამის საპირწონედ, ქართული ცნობიერება მედეას მითოლოგიური სახის სრულიად განსხვავებულ გააზრებას გვთავაზობს, რომელიც ხშირად სცდება მითოსისა და ლიტერატურის საზღვრებს და რეალურ, ისტორიულ განზომილებაში გადადის. ქართველთა აღქმით, მედეა ჩაგრული ქართველი ქალია, რომელიც ბერძენმა იასონმა ოქროს საწმისთან ერთად მოიტაცა, მოატყუა, უღალატა და აიძულა, შური ეძია. ქართულ ნარატივში განსაკუთრებით აქტუალურია შვილების დახოცვის მოტივის მედეასგან არიდების დაუღალავი მცდელობა, რომლის მიხედვითაც, შვილების მკვლელობა მას ევრიპიდემ დააბრალა - კორინთელთაგან მიღებული „ქრთამის“ საფასურად. არათუ მედეაზე აუგის თქმა, მედეას სრული მითის ან სხვადასხვა ვერსიის მოყოლაც კი დღემდე იწვევს ქართველთა შფოთვას, რასაც თან სდევს მისი მუდმივი რეაბილიტაციის მცდელობა ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ბერძნული მითოსისა და ლიტერატურის პერსონაჟი მედეა დღემდე რჩება ქართველთა ტრავმად და ტაბუდ.
და მაინც:
- სინამდვილეში, რა ვიცით ჩვენ - ქართველებმა ჩვენი მითოლოგიური წინაპრის, პირველი „ქართველი ლიტერატურული გმირის“ - მედეას შესახებ?
- რას გვიამბობს ბერძნული მითოლოგია და ლიტერატურა მედეაზე?
- რატომ გვექცა მედეა ეროვნულ ტრავმად?
- სად მთავრდება ბერძნული მითი და სად იწყება ქართული ტაბუ მედეას შესახებ?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხების საძიებლად, გიწვევთ ელინისტისა და მთარგმნელის, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის - თათია მთვარელიძის საჯარო ლექციაზე „მედეას მოგზაურობა ბერძნული მითიდან ქართულ ტაბუმდე“.
მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.
