შეხვედრა სოციალური პლატფორმა Bubbler-ის წარმომადგენლებთან

13 ოქტომბერი 2022

13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სოციალური ქსელი Bubbler-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ღონისძიებას წარუძღვა Bubbler-ის დამფუძნებელი ლუკა ხათრიძე. შეხვედრაზე განხილული იყო Bubbler-ის ღირებულებები და სამომავლო გეგმები, ასევე დრო დაეთმო სტარტაპში დასაქმების პერსპექტივებს. ამ დროისთვის Bubbler აქტიურად ეძებს აქტიურ  სტუდენტებს, რომლებიც მარკეტინგის, მენეჯმენტის და PR-ის მიმართულებით სამუშაო პროცესებში ჩაერთვებიან. 

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე.

 

Bubbler არის ლოკაციაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ლოკალურად გააზიარონ ნებისმიერი ტიპის ჰობი თუ ინტერესი, გააერთიანონ ადამიანთა წრე მის გარშემო და ერთად განახორციელონ ის. სტარტაპი სულ რაღაც 3 თვის წინ გაეშვა და უკვე 6000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად.

 

პლატფორმაზე უკვე გაზიარებული 1000-ზე მეტი აქტივობა და შექმნილია 800-ზე მეტი აქტივობის ჯგუფი (“ბაბლი”).