კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორისა და სტუდენტის თანაავტორობით სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

19 ოქტომბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აფილირებული პროფესორის, მამუკა ნემსაძისა და ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, მარიამ ვარაზაშვილის თანაავტორობით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Cureus გამოქვეყნდა სტატია - „Association Between Pre-pregnancy Obesity and Adverse Obstetric Outcomes: A Retrospective Cohort Study at a Secondary Care Center in Tbilisi, Georgia“ („ორსულობამდელ სიმსუქნესა და არასასურველ სამეანო გამოსავლებს შორის კავშირი: რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა თბილისის მეორეული დონის სამედიცინო ცენტრში“).

 

ნაშრომი მომზადდა ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა თანამშრომლობით.

 

კვლევა ეხება დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საკითხს - ორსულობამდელი სიმსუქნის კავშირს არასასურველ სამეანო გამოსავლებთან. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში 428 ქალის სამედიცინო ჩანაწერების ანალიზით გამოვლინდა, რომ ორსულობამდელი სიმსუქნე დაკავშირებული იყო ორსულობის ჰიპერტენზიული დარღვევების, საკეისრო კვეთისა და ნაყოფის მაკროსომიის უფრო მაღალ შანსებთან.

 

ნაშრომი საქართველოში არსებული კლინიკური მონაცემებით ავსებს ამ მიმართულებით შეზღუდულ ადგილობრივ მტკიცებულებებს და ხაზს უსვამს ორსულობამდე რისკების შეფასების, წონის მართვისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ანტენატალური მეთვალყურეობის მნიშვნელობას. სტატიის ავტორები, პუბლიკაციაში მითითებული თანმიმდევრობით, არიან: ნიკო ქორიძე, გიორგი მუმლაძე, მამუკა ნემსაძე, მარიამ მამუკაშვილი, იოსებ ნოზაძე, ვახტანგ მაზანაშვილი, მარიამ ვარაზაშვილი, ცოტნე დადიანი, მარიამ მორჩაძე და ქეთი ქებაძე.

 

სტატიის ბმული.