ინდოეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ამიტ კუმარ მიშრა.

 

ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაცნობოთი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ანილ იადავი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, კავკასიის მედიცინის სკოლის დეკანი მარიამ ოქრუაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები და ინდოელი სტუდენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო განათლების მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის ინდოეთის ეროვნული სამედიცინო კომისიის (National Medical Commission – NMC) მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხებს.

 

ელჩმა დაათვალიერა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და გაეცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

 

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ინდოელ სტუდენტებთან შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ელჩთან განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები და მიეღოთ პასუხები დასმულ შეკითხვებზე.

 

ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ურთიერთობის გაღრმავება კავკასიის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების, ისე ინდოელი სტუდენტებისთვის მხარდამჭერი და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოს ხელშეწყობის თვალსაზრისით.