კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდა Transform4Europe-ის ევროპის უნივერსიტეტების ალიანსს

24 ოქტომბერი 2025

21- 22 ოქტომბერს, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის (VMU) და ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის Transform4Europe (T4EU) ორგანიზებით, გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:“Universities Shaping the Future: Building Resilient Societies through Innovation and Global Impact”. 

კონფერენცია ოფიციალურად  გახსნა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. აუდიტორიის წინაშე სიტყვით ასევე წარსდგა ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ევროკომისიის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი, საული ნიინისტიო.


კავკასიის უნივერსიტეტის სახელით  ღონისძიებაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა.

 

გლობალური პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში, ირენა მელუამ კავკასიის უნივერსიტეტის სახელით ხელი მოაწერა შეთანხმებას Transform4Europe-ის ალიანსში ოფიციალურად გაწევრიანების შესახებ. კონსორციუმის სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ინეტა დაბაეშინენემ.

 

ღონისძიების ფარგლებში ირენა მელუამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: “From Local Roots to Global Reach: Higher Education and Societal Renewal”.

 

პანელის მონაწილეებს შორის იყვნენ:

 

  • რუგილე ვალუტიტე,  ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
  • სოფია სავიცკა,  პოლონეთის აკადემიური მობილობის ეროვნული სააგენტოს მოადგილი დირექტორი
  • დარიუს ფონ შპრაიცენი,  ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის კანბერას კამპუსის ხელმძღვანელი 
  • ფრანცისკო მენდეშ-პალმა,  Transform4Europe-ის ოფისის დირექტორი, პორტუგალიის კათოლიკური უნივერსიტეტი

 

ირენა მელუამ მის გამოსვლაში  ხაზგასმით აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში, ისაუბრა უნივერსიტეტის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე და წარმოადგინა ხედვა იმ მიმართულებებზე, რითაც კავკასიის უნივერსიტეტი შეძლებს Transform4Europe-ის ქსელის საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას: ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაღრმავებით და ა.შ

 

კონფერენციის ფარგლებში, ირენა მელუამ გამართა შეხვედრები ალიანსის პარტნიორებთან, მონაწილეობა მიიღო გლობალური თანამშრომლობის სესიებსა და დისკუსიებში  ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და მდგრადი უმაღლესი განათლების ეკოსისტემების ჩამოყალიბების მიმართულებით.

 

კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად,  Transform4Europe-ის ალიანსის წევრი უნივერსიტეტები არიან:

 

  • ზაარლენდის უნივერსიტეტი,  გერმანია
    • ალიკანტეს უნივერსიტეტი,  ესპანეთი
    • ესტონეთის ხელოვნების აკადემია,  ესტონეთი
    • კატოვიცეს სილეზიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
    • სოფიის უნივერსიტეტი „კლიმენტ ოჰრიდელი“ ,  ბულგარეთი
    • ტრიესტის უნივერსიტეტი,  იტალია
    • ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი,  ლიეტუვა,
    • პორტუგალიის კათოლიკური უნივერსიტეტი,  პორტუგალია
    • პრიმორსკას უნივერსიტეტი,  სლოვენია
    • ჟან მონეს უნივერსიტეტი,  საფრანგეთი
    • მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  უკრაინა (ასოცირებული პარტნიორი)