2026 წლის 2-3 ივლისს, იტალიაში, რომის Link Campus University-ში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე “Participation in Crisis? Appraising Acute Challenges and Exploring Prospects for Revitalising Inclusive Democratic Voice”, რომელიც განათლების, უთანასწორობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის თანამედროვე გამოწვევებს მიეძღვნა.
სიმპოზიუმში დისტანციურად მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა - აკაკი კაპანაძემ, რომელმაც წარადგინა მოხსენება “From Memorisation to Participatory Competence: Reclaiming the University as a Site of Epistemic Verification in the Age of Generative AI”.
პრეზენტაცია განიხილავდა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენას უმაღლეს განათლებაზე და ხაზს უსვამდა იმ ეპისტემური კომპეტენციების მნიშვნელობას, რომლებიც კრიტიკული მსჯელობის, ინფორმაციის გადამოწმებისა და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო ჩართულობისთვის არის აუცილებელი. კვლევაში ხაზგასმულია, რომ თანამედროვე უნივერსიტეტებმა ტრადიციული, დამახსოვრებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელიდან უნდა გადაინაცვლონ ისეთი საგანმანათლებლო მიდგომებისკენ, რომლებიც სტუდენტებში კრიტიკული გადამოწმების, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარებს განავითარებს.
პრეზენტაციზე წარმოდგენილი იყო კავკასიის უნივერსიტეტის გამოცდილება Erasmus+ CBHE-ის პროექტების ETHICS-ისა (კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში) და PRODIGE-ის (ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს უწყობს კვლევითი ეთიკის, ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენებისა და უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაციის განვითარებას. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეპისტემური გადამოწმების კომპეტენციის მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის ერთ-ერთ საფუძველს. წარმოდგენილი კვლევა საერთაშორისო აკადემიურ დისკუსიას ეხმიანება უმაღლესი განათლების, ციფრული ტრანსფორმაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარების შესახებ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
