კავკასიის უნივესრიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

29 ოქტომბერი 2026

კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო პროგრამამ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Best Tourism Academic Program“ ნომინაციაში გაიმარჯვა!

 

გამარჯვებული 28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო გალა ღონისძიებაზე გამოვლინდა.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს სფეროს წამყვან ორგანიზაციებს, კომპანიებს, პროფესიონალებსა და ინდუსტრიის ლიდერებს. წელს კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი ტურიზმისა და მასპინძლობის 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

 

„Best Academic Program“ ნომინაციაში გამარჯვება კავკასიის ტურიზმის სკოლის მნიშვნელოვანი წარმატება და ტურიზმის განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობის აღიარებაა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების, ხარისხიანი სწავლებისა და აკადემიური განათლების ტურიზმის ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას.

 

კავკასიის ტურიზმის სკოლის მიზანია ისეთი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ უპასუხონ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებაში.

 

ვულოცავთ კავკასიის ტურიზმის სკოლის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც თავისი შრომითა და პროფესიონალიზმით ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. ეს ჩვენი საერთო წარმატებაა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ტურიზმის განათლების განვითარებაში!