სათემო აქტივობა თემაზე - „ინტერკულტურული ურთიერთობების გაძლიერება მაღალმთიან და მულტიკულტურულ სოფლის სკოლებში“

6 ოქტომბერი 2026

1 ოქტომბერს, სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლაში, პროექტის - PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, Erasmus+ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში გაიმართა სათემო აქტივობა (Community Action) თემაზე - „ინტერკულტურული ურთიერთობების გაძლიერება მაღალმთიან და მულტიკულტურულ სოფლის სკოლებში“.

 

სათემო აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანისა და სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლების როგორც ქართველმა, ასევე აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ასევე ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა.

 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს მაღალმთიან და მულტიკულტურულ სოფლის სკოლებში ინტერკულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების უკეთ გაცნობა, არსებული სტერეოტიპების გააზრება და შემცირება, ასევე ურთიერთპატივისცემისა და მიმღებლობის გაძლიერება.

 

მონაწილეები ჩაერთვნენ ინტერაქტიულ აქტივობებსა და ჯგუფურ მუშაობაში, რომლებიც მათ დაეხმარა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, მშვიდობის მშენებლობის დროს დიალოგის კულტურის ხელშეწყობასა და ერთიანი კულტურული თუ სხვა და სხვა სახის სამშვიდობო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებაზე, როგორც სათემო, ასევე სასკოლო გარემოში.

 

შეხვედრის ფარგლებში  სკოლის საერთო სივრცეში მოეწყო მულტიკულტურული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კულტურისა და მხარის ტრადიციების ამსახველი ნივთები და არტეფაქტები, საინფორმაციო ბარათები და მშვიდობის გზავნილები.

 

სათემო აქტივობას  ფასილიტაციას უწევდნენ პროექტის მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტები - სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მაკა ბერიძე, ანანო კონცელიძე, და მენტორები - მაია ზიბზიბაძე და ქეთევან ვასაძე.

 

“Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or The European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.”