საქართველოს მასშტაბით ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით პირველი EBSCO-ს ბაზაში ინდექსირებული, იმპაქტფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ (Health Policy, Economics and Sociology) კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის და მედიცინის სკოლების ერთობლივი გამოცემაა.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კავკასიის უნივერსიტეტის, როგორც რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრის როლს და ცხადად გამოხატავს უნივერსიტეტის ერთგულებას საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების მიმართ.
საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჟურნალის ინდექსირება მნიშვნელოვნად ზრდის ქართველი მეცნიერების შრომების ხელმისაწვდომობას და უწყობს ხელს კავკასიის უნივერსიტეტში წარმოებული კვლევების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას.
ჟურნალი წარმოადგენს რეფერირებად, საერთაშორისო, ორენოვან, ღია წვდომის, ინტერდისციპლინურ და პერიოდულ სამეცნიერო გამოცემას, რომელიც ფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა; ჯანდაცვის პოლიტიკა; ჯანდაცვის მენეჯმენტი; ჯანდაცვის ეკონომიკა; ჯანდაცვის და ეკონომიკის სოციოლოგია; გლობალური ჯანდაცვა და საერთაშორისო დიპლომატია; მედიცინა, განათლება, სამართალი, ეკონომიკა და სხვა.
ჟურნალი აქტიურად უწყობს ხელს ინტერდისციპლინური დიალოგის გაღრმავებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
გამოცემა გამოიცემა როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში წელიწადში ორჯერ.
სტატიები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ავტორებისთვის გამოქვეყნება სრულიად უფასოა.
კავკასიის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო პროდუქტიულობის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით.