CUnicorn+ პრე-აქსელერაციის პროგრამა (I, II კვირის აქტივობები)

24 სექტემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ოფიციალურად დაიწყო. პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 11 ტექნოლოგიური სტარტაპი მონაწილეობს, რომლებიც გაივლიან 10 კვირიანი ინტენსიური სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ეტაპს.

 

პროგრამის პირველი ორი კვირის სესიებს უძღვებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი, ბობ სმიტი. ოთხი დღის განმავლობაში მონაწილე გუნდებმა მიიღეს შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ინტერაქტიურ ლექციებსა და ვორკშოპებში, რომლებიც თანამედროვე სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. 

 

პირველი დღის სესიაზე,  ბობ სმიტმა ისაუბრა წარმატებული სტარტაპის განვითარების ხუთ ძირითად ფაქტორზე და ინვესტიციების მოზიდვის წარმატებულ სტრატეგიებზე. გუნდებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ფიჩები და მიიღეს დეტალური უკუკავშირი მის გასაუმჯობესებლად.

 

შემდეგ სესიებზე კი განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: 

 

  • ბიზნეს მოდელი (Business Model): სტარტაპებმა ისწავლეს როგორ განსაზღვრონ თავიანთი ბიზნესის ძირითადი კომპონენტები, ღირებულების შეთავაზება და შემოსავლის სტრუქტურა.
  • Go-to-Market სტრატეგია: განხილულ იქნა მომხმარებლამდე მისვლის სხვადასხვა გზა, სამიზნე სეგმენტების სწორად შერჩევა და ბაზარზე პოზიციონირების ეფექტური მეთოდები.
  • Pitching: მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული უნარები, თუ როგორ უნდა წარმოადგინონ პირველადი იდეა ინვესტორებისა და პარტნიორების წინაშე. 

 

ინტენსიური შეხვედრებისას სტარტაპებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ გაეზიარებინათ გამოწვევები და მიეღოთ ინდივიდუალური რჩევები ბობ სმიტისგან, რომელიც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით ეხმარება ადრეულ საფეხურზე მყოფ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებასა და ინოვაციური გადაწყვეტების შექმნაში. 

 

სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების წახალისებას, სტარტაპების ზრდის დაჩქარებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. პროგრამა ქმნის პრაქტიკულ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი ხედვები, მიიღონ საერთაშორისო ექსპერტების ცოდნა და მოემზადონ ინვესტორებთან გამოსვლისთვის.

 

“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს”.