|
კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში, 19-22 ოქტომბერს ახალციხის ქართულ, ქართულ-რუსულ და სომხურ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საშუალო საფეხურის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში.“ ვორკშოპებს უძღვებოდნენ პროექტის ექსპერტები, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, ეკატერინე ქარდავა, ზურაბ ბრაგვაძე და გურანდა ჭელიძე. სკოლებთან შეხვედრების ორგანიზება-მომზადებაში ჩართულები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) განხორციელებას მხარი დაუჭირა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა. შეხვედრები ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით.
ვორკშოპები მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ, სწავლების, კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალებით მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ.
ვორკშოპები ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობაში ქართული ენის ცოდნას გაღმავებასა და მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებას გააუმჯობესონ საკომუნიკაციო უნარები სახელმწიფო ენაზე. მასში მონაწილეობა 250-მდე მსმენელმა მიიღო.
ღონისძიებაზე გამოკვეთა მსმენელთა დიდი ინტერესი საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესებთან მიმართებაში. ასევე აღინიშნა პედაგოგების ინტერესი გაიზარდოს ევროინტეგრაციისა და ასოცირების თემატიკის განხილვა სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სწავლების პროცესში. ამისათვის კი, მასწავლებლებს ძალიან მალე მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ ამავე პროექტის ფარგლებში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის დამხმარე რესურსის სახით მომზადებული სახელმძღვანელო, რომელიც მალე ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.
პროექტით გათვალისწინებული ვორკშოპები ახალციხეში დასრულდა. ამჯერად მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ჟან მონეს ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, სახელწოდებით „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. მოსწავლეები ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
პროექტის მიმდინარეობა ახალციხეში გააშუქა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა ტელევიზიამ და პრესამ.
მომდევნო ვორკშოპები დაიგეგმება მარნეულის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.