Erasmus+ ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) თბილისის დევნილთა სკოლაში

24 თებერვალი 2021
 

                           

 

                                 

 

15 თებერვლიდან თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოიხსნა Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ჩვეულ რეჟიმში განახლდა სასწავლო პროცესი. 24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტს „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) უმასპინძლა თბილისში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლამ. სხვა სკოლების მსგავსად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღეს ევროპული ასოცირების პროცესების შესახებ საქართველოში.

 

ვორკშოპი მიზანად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ,  სწავლების, კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალებით მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ.

 

ვორკშოპში მონაწილეობა მიიღო 60 მსმენელმა. გამოიკვეთა მსმენელთა  ინტერესი საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესებთან მიმართებაში. მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმაც აღნიშნეს, რომ მათთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ბევრი რამ ახალია.  აქვე აღინიშნა პედაგოგების ინტერესი გაიზარდოს ევროინტეგრაციისა და ასოცირების  თემატიკის განხილვა სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სწავლების პროცესში.

 

სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტის ფარგლებში ოთხ ენაზე გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის - „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“. შეხვედრის დროს დაანონსდა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მოსწავლეთა ესეების კონკურსი   „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. ისინი ახალციხელი და მარნეულელი მოსწავლეების მსგავსად, ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ პირად ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

 

პროექტით გათვალისწინებული ვორკშოპები არ დასრულებულა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმება მომდევნო ვორკშოპები მარნეულის ქართულ-რუსულ საჯარო სკოლაში, ასევე თბილისში მდებარე აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში.