ევროპული განათლება: საფუძვლები ცოდნაზე დაფუძნებული მომავლისა და კეთილდღეობისათვის

23 მაისი 2025

ერასმუს+ ჟან მონეს კათედრამ „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) 2025 წლის 22 მაისს უმასპინძლა სამაგისტრო პროგრამის ”ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები” (EIGER) კურსდამთავრებულს ნიკა ინაურს, რომელმაც ასევე წარმატებით დაასრულა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა ჩრდილოეთ მაკედონიის ამერიკულ უნივერსიტეტში, ასევე ესტონეთის დიპლომატიის სკოლა.

 

აღნიშნული შეხვედრით ჟან მონეს კათედრა შეუერთდა კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას ევროპის დღეების ფარგლებში.

 

სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების, ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლების სპეციფიკის შესახებ.  მან აღნიშნა, რომ ევროპაში განათლების მიღება სტუდენტებს სთავაზობს ცოდნის, გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების უნიკალურ შესაძლებლობას. მაღალი აკადემიური სტანდარტები, კულტურული მრავალფეროვნება და პრაქტიკული მიდგომები აყალიბებს სტუდენტებს როგორც  კონკურენტუნარიან კადრებს, რომლებიც მზად არიან, შეიტანონ წვლილი საკუთარი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. ამაში კი მნიშვნელოვანია კავშირები სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებთან, რაც სამომავლოდ კარიერული შესაძლებლობების გაღრმავების საწინდარიცაა.

 

უნივერსიტეტებში გამართული კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, სტუდენტებს საშუალებას აძლევს შექმნან კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, რაც გადამწყვეტი ფაქტორია პროფესიულ სამყაროში წარმატების მიღწევისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.