პროექტი "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ დაიწყო

11 ივლისი 2022

11 ივლისს, ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფ-მზარეულებმა,  პროექტის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ ფარგლებში, მოქმედი მზარეულებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყეს, რომელიც 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.  

 

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“, ასევე ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგების მასპინძელია ბაზარი ორბელიანზე არსებული გასტრო სკოლა.

 

ტრენინგები ორი მიმართულებით ტარდება:

 

კრეატიულობა და სერვირება -  რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ კრეატიულობის იმ მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის.

 

გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა - მონაწილეები გაეცნენ გლობალურ გასტრონომიულ ტენდენციებს, ასევე ავანგარდული კულინარიის ტექნიკებს, „ახალი ინგრედიენტების“ გამოყენებასა და კრეატიული კერძების შექმნას.

 

ტრენინგების დაწყებამდე, 10 ივლისს, მონაწილეებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

ტრენინგში მონაწილეობა შეეძლოთ ნებისმიერი ასაკის მოქმედ მზარეულებს, რომლებსაც სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ფრანგული კულინარიის საბაზისო დონეზე ცოდნა (ტერმინოლოგია) და სამზარეულოს მართვის გამოცდილება აქვთ.

 

ტრენინგების ბოლო ეტაპზე, შეირჩევა ოთხი შეფი-ტრენერი, რომლებიც შემდგომში ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარებენ ანალოგიურ ტრენინგებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მიღებულ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს  სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.