CU-ის პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

23 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. 

 

გამარჯვებული პროექტის - „Security Education Center for Unified Resilience and Effective Communications (SECURE)“ - ფარგლებში საქართველოს 3 უნივერსიტეტში შეიქმნება სამი ლაბორატორია - რეგიონში ყველაზე მასშტაბური კვანტური ლაბორატორია, AI/ML ლაბი, 5G/6G ქსელების კვლევითი ლაბორატორია. რომლის მუშაობის ფარგლებში მკვლევრები და პერსონალი იმუშავებს უსაფრთხოების მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების და საგანმანათლებლო კურსების განვითარებაზე. ლაბორატორიები ერთმანეთთან იქნებიან დაკავშირებული და მოხდება შესაბამისი კოორდინაცია. ევროკავშირის მხრიდან მონაწილე კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები მხარდაჭერას გაუწევენ ადგილობრივ უნივერსიტეტებს და აქტიურად იქნებიან ჩართულნი როგორც ლაბორატორიების შექმნის, ასევე კვლევით პროცესში.

 

საქართველოდან პროექტში ჩართულია კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც პროექტის კოორდინატორი საქართველოში, რომლის ბაზაზე შეიქმნება რეგიონში ყველაზე დიდი კვანტური ლაბორატორია. ამასთანავე, კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ჩართული გუნდი პასუხისმგებელი იქნება კვანტური და პოსტ-კვანტური უსაფრთხოების კურსის განვითარებასა და საქართველოში შესაბამის საკითხების კვლევაზე.

 

პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი მაქსიმ იავიჩი. პროექტში ასევე ჩართულები არიან: გიორგი ახალაია, არჩილ შენგელია, სერგო სიმონოვი, აკაკი კაპანაძე, ოკსანა კოვალჩუკი.

 

პროექტში, როგორც ბენეფიციარი, ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც შეიქმნება 5G/6G ლაბორატორია. პროექტის ბენეფიციარია ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც უნდა შეიქმნას AI/ML უსაფრთხოების ლაბორატორია.

 

საქართველოდან პროექტის პარტნიორებია: ინტერნეტის განვითარების ინიციატივა, კიბერ უსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაცია, შპს ინტეგრა და NGS ჯგუფი.

 

პროექტის საერთაშორისო პარტნიორებია: Universidade de Aveiro (პორტუგალია), Kaunas University of Technology (ლიტვა), University of Valladolid (ესპანეთი).

 

უკრაინის მხრიდან პროექტში ჩართული იქნება: ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი (პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, 5G/6G ლაბორატორია); ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტი (ბენეფიციარი, AI/ML ლაბორატორია); ჩერკასის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ბენეფიციარი, კვანტური ლაბორატორია).