ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) ჯგუფური ლექციები - “თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია”

6 ივლისი 2026

1 და 2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) ფარგლებში ჩატარდა ჯგუფური ლექციები თემაზე „მიმდინარე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია“. ლექციების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა სტუდენტები და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული პირები.

 

ლექციები ორ ნაწილად წარიმართა კათედრის ფარგლებში შემუშავებული ჯგუფური ლექციების მოდულის მიხედვით. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცა, სიღრმისეულად ემსჯელათ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების თანამედროვე გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

 

ლექციების ფარგლებში კათედრის პროფესორმა მიმოიხილა ევროკავშირი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ძირითადი ეტაპები, გაფართოების თანამედროვე დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის გაფართოების პაკეტებს, მათ შორის 2025 წლის გაფართოების პაკეტს, მის ძირითად გზავნილებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ შეფასებებს. განხილული იყო კონკრეტული მაგალითები, უახლესი სტატისტიკური მონაცემები, ასევე ორ მხარეს შორის თანამშრომლობის პროცესში არსებული მიღწევები და გამოწვევები, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, საკითხები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული პერსპექტივიდან შეეფასებინათ.

 

ლექციები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება. შეხვედრის განმავლობაში დაისვა არაერთი საინტერესო და აქტუალური შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები გაიცა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი თემის მრავალმხრივ განხილვასა და მონაწილეთა ჩართულობას.

 

ჯგუფური ლექციების მუშაობაში მონაწილეობდა საკითხით დაინტერესებული 21 ადამიანი, მათ შორის 15 სტუდენტი და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული 6 პირი. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებისადმი მზარდი ინტერესი და მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობა აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისათვის.