19 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ (BSMA) PRODIGE პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, აკაკი კაპანაძემ.
შეხვედრაზე ბატონმა აკაკიმ წარადგინა დესიმინაციის რეესტრი, რომელიც მოიცავს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პრომოციულ და კომუნიკაციურ აქტივობებს, დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და პროექტის შედეგების გააზრების ხელშეწყობის ღონისძიებებს როგორც ინსტიტუციურ, ისე ეროვნულ დონეზე.
ასევე განხილული იყო მიმდინარე სამუშაო პაკეტების შესრულების პროგრესი, მომავალი აქტივობების დაგეგმვა და პარტნიორ ინსტიტუტებს შორის პასუხისმგებლობების კოორდინაცია. დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ციფრული განათლების პრაქტიკის ეფექტიანი დანერგვა საქართველოში, პროექტის მართვის პროცესების გამყარება და მიღებული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროექტის მიზნების წარმატებით შესრულების მიმართულებით. გამოცდილების გაზიარებამ და სამოქმედო გეგმების შეთანხმებამ ხელი შეუწყო მომავალი პრიორიტეტების უფრო მკაფიოდ განსაზღვრას.
PRODIGE პროექტი ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტების კონსორციუმის მონაწილეობით და მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას, შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების განვითარებას და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.
