შეხვედრა კომპანია Amadeo-ს წარმომადგენლებთან

31 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა კომპანია Amadeo-ს წარმომადგენლებთან თემაზე - „როგორ ფიქრობენ CEO-ები ფინანსურ გადაწყვეტილებებზე ტექნოლოგიურ ეპოქაში“. 

 

შეხვედრა დაეთმო ფინანსური ანალიტიკის პრაქტიკულ როლს თანამედროვე ბიზნეს გარემოში. განხილულ იქნა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა, ის ძირითადი ფინანსური მეტრიკები, რომლებიც განსაზღვრავს ბიზნესის შედეგებს, და პროცესი, რომლის მეშვეობითაც მონაცემები გარდაიქმნება რეალურ მენეჯერულ გადაწყვეტილებებად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ აღიქვამენ და იყენებენ ფინანსურ ინფორმაციას თანამედროვე ბიზნეს ლიდერები ტექნოლოგიურ ეპოქაში.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფინანსური მონაცემების ინტერპრეტაციის თანამედროვე მიდგომებს, მათ შორის, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას ფინანსური მართვის პროცესებზე, Amadeo-ს პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ: გიორგი ჩუგოშვილი -  Amadeo-ს თანადამფუძნებელი, რომელმაც ისაუბრა ფინანსური ანალიტიკის როლზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააზიარა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და თინათინ ბაკაშვილი - Amadeo-ს უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი და კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელმაც წარმოადგინა თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკა და ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ფინანსური ანალიტიკის სფეროში.

 

შეხვედრის ფარგლებში Amadeo-ს გუნდმა პირველად, კავკასიის უნივერსიტეტში წარადგინა კომპანიის ამბასადორების პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან უშუალო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.