კავკასიის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო აქსელერატორ Rainmaking Innovation Europe-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ და Rainmaking Innovation Europe-ის პროგრამის მენეჯერმა, სარა გრიპეიმ.
Rainmaking Innovation Europe არის საერთაშორისო აქსელერატორი, რომელიც GITA-სთან თანამშრომლობით ახორციელებს საქართველოში მასშტაბურ აქსელერაციის პროგრამას - Startupbootcamp Georgia. პროგრამის მიზანია ინოვაციური სტარტაპების გაძლიერება, მათი იდეების პრაქტიკულ პროდუქტებად გარდაქმნა და ინვესტირებისთვის მომზადება.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე, რაც ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებსა და ინიციატივებს, საქართველოში სტუდენტებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის მიზნით.
Rainmaking-ის წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრა გამართეს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მიმდინარე და წინა ნაკადების მონაწილეებთან, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ საკუთარი ფიჩები და მიეღოთ ღირებული უკუკავშირი.
