მენეჯმენტის მესამე შეხვედრა (Integrity)

23 იანვარი 2020

                               

 

       

              

                                  

 

 

 

21-22 იანვარს, ბათუმში გაიმართა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის“ კონსორციუმის მესამე მენეჯმენტის შეხვედრა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

                                         

მენეჯმენტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა ირენა მელუამ, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა ეკა აკობიამ, რომელიც ასევე პროექტის აკადემიური წევრისა და სტუდენტური სერვისების გაძლიერების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია, ბიზნესის სკოლის დეკანმა ელენე ჯღარკავამ, რომელიც ხელმძღვანელობს დისემინაციის თემატურ ჯგუფს,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დირექტორმა დიანა მჭედლიშვილმა, რომელიც პლაგიატის საუნივერსიტეტო პოლიტიკაზე მომუშავე თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პროექტის ევროპელი პარტნიორები და კონსორციუმის წევრი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოდან.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში დანერგილი პლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად მიღებული და პროექტის მონიტორინგის შედეგები, დისემინაციასთან და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. დაიგეგმა აკადემიური კეთილსინდისიერების ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებები. კოორდინატორმა წარმოადგინა პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს პროექტის საბოლოო ანგარიშის წარდგენა.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.