13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც დაეფუძნა რეალურ საქმეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით.
სასამართლო პროცესის მონაწილეებმა გადაინაწილეს როლები: მოსამართლე, ბრალდების მხარე (პროკურორები), დაცვის მხარე (ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები) და მოწმეები. მონაწილეებს გადაეცათ წინასწარ მომზადებული სისხლის სამართლის საქმის მასალები და მათ ადგილზე იმიტირებულ ფორმატში ჩაატარეს სასამართლო პროცესი არგუმენტების წარდგენით, პოზიციების დაცვითა და დისკუსიით. იმიტირებული პროცესის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ფაქტების იურიდიულ ანალიზზე, არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებაზე, ადამიანის უფლებათა სტანდარტების გამოყენებაზე, ოჯახში ძალადობისადმი სახელმწიფოს ვალდებულებების გააზრებასა და პროცესუალური წესების დაცვაზე.
აქტივობის მიზანი იყო ცოდნის გაღრმავება ბავშვისა და ოჯახის უფლებების სფეროში, კრიტიკული აზროვნების განვითარება, სასამართლო პროცესის მექანიზმების სწორი გაგება და ახალგაზრდა თაობაში სამართლისა და სამართლიანობისადმი მოტივაციის გაზრდა.
იმიტირებულ პროცესს უხელმძღვანელა კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელმა, პროფესორმა, სამართლის დოქტორმა - ლევან დარბაიძემ, რომელიც იმავდროულად მოქმედი მოსამართლეა 12 წლიანი გამოცდილებით.
იმიტირებული პროცესის ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები - თამარ მსხილაძე, ლეილა ჩოჩია, ლიზი ქაშაკაშვილი.
იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
