8 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული სოლიდარობის ფონდი „ნანტიუსის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის დამფუძნებელიც ტოლერანტობის საერთაშორისო ქომაგი და ისტორიის მცველი მონაზონი სიდონიაა.
პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ახალი კონცეპტუალური ნამუშევარი, სამაჯური - ხიდი! - რომლის კონცეფციაც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან. ნამუშევარი დამზადებულია უძველესი ქართული ტექნოლოგიით - ცვარათი, უკრაინული ორნამენტით.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, მოდერატორი კი პროფესორი; „მედიახმის“ დამფუძნებელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამების მენეჯერი მარიკა გერსამია იყო.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენი ქვეყნისა და ქართული უძველესი კულტურისთვის დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნების მნიშვნელობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, ხელოვანები და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.