CU-ში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ის მეორე ნაკადის (Batch 2) გახსნა და შერჩეული მონაწილეების პრეზენტაცია გაიმართა.
2023 წლის შემოდგომაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების, მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლიდან და ასევე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისგან წინასწარი განაცხადების საფუძველზე 8 სტარტაპ გუნდი შეირჩა პრე-აქსელერაციის პროგრამაში. გუნდებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი ტექნოლოგიური იდეები წარადგინეს და პროგრამასთან დაკავშირებული მოლოდინები გააცნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებს და მომავალ მენტორებს.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. მასში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად. უპირატესობა მიენიჭათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებმაც გამოავლინეს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი.
პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), მოიცავს 11 სამუშაო კვირას (ოქტომბერი 2023 – დეკემბერი 2023) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან: თემატური სამუშაო სესიები; ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან; ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up-ები; კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა; დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები/და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით.
პროგრამის მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია; გუნდის შექმნა, განვითარება და მართვა; მომხმარებლის სეგმენტაცია; ღირებულების შეთავაზება; მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა და გაყიდვები; Growth Marketing; MVP, ტექნიკური პროდუქტის შექმნა; ბიზნესმოდელი და ფინანსები; Pitch Deck და ფინანსური რესურსების მოზიდვა.
პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნეს გეგმა/ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck და საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.