კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ბასიანის კულტურის ძეგლების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ილუსტრირებული კატალოგი.
ნაშრომის თანაავტორები არიან კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორები თეიმურაზ ხუციშვილი და ლევან წიქარიშვილი.
ისტორიული ბასიანი ათასწლეულების განმავლობაში ასურეთის, ურარტუს, სომხეთის, დიაოხის, აგრეთვე, ირანის, არაბეთის, რომის, ბიზანტიისა თუ თურქეთის იმპერიების საცილობელი ტერიტორია იყო. ისტორიული სომხეთის ეს ტერიტორია X საუკუნიდან საქართველოს გავლენის ქვეშ იყო, ხოლო XVI საუკუნიდან თურქეთის პროვინციაა.
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2019 წელს დააფინანსა ბასიანის კულტურის ძეგლების ორენოვანი კატალოგის მომზადება. საკვლევი, საექსპედიციო და სამეცნიერო სამუშაოები შეასრულა საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრმა. 2022-2023 წლებში შესწავლილ იქნა ბასიანის 200-მდე ნასოფლარი და დასახლებული პუნქტი. დაფიქსირდა ლიტერატურიდან ცნობილი რამდენიმე ათეული კულტურის ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა, რომლებიც ძირითადად თურქულ ლიტერატურაში იყო მოხსენიებული. ამას გარდა გამოვლინდა 40-მდე უცნობი ძეგლი, ეკლესიები, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ ლიტერატურაში. ძეგლთა აღწერილობაში მითითებულია ზუსტი მდებარეობა და ზოგადი პარამეტრები, თანამედროვე მდგომარეობა. მოხდა ყველა ძეგლის ფოტოფიქსაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ საექსპედიციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და ძეგლთა აღწერის საქმე ძირითადად იტვირთა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნოდარ არონიშიძემ.
მზადდება კატალოგის ონლაინ ვერსიაც.