საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია.
გამარჯვებულებს შორის არიან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ დაფუძნებული, ასევე ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის ბენეფიციარი სტარტაპები:
- WashyWashy – „Uber, მაგრამ მანქანის რეცხვისთვის“ — უწყლო, ეკოლოგიურად მდგრადი სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუკვეთონ მანქანის რეცხვა. სტარტაპის დამფუძნებლები არიან კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარები.
- Healo – ციფრული პლატფორმა, რომელიც გარდაქმნის ტრადიციულ ფსიქოთერაპიულ მომსახურებას და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ლიცენზირებული სპეციალისტების ონლაინ კონსულტაციას, ასევე AI თერაპევტთან ურთიერთობის შესაძლებლობას. მისი თანადამფუძნებელი, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, ანა ონიანია.
- Klics – ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ეხმარება საშუალო და მსხვილ eCommerce ბრენდებს გაყიდვების ზრდაში პერსონალიზებული მარკეტინგული თამაშების, პოპაპების და AI რეკომენდაციების მეშვეობით. „Klics“ ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი და უნივერსიტეტის პრე-აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაკადის გამარჯვებულია.
აღნიშნული წარმატება ხაზს უსვამს კავკასიის უნივერსიტეტის როლს ქვეყნის ინოვაციური და მეწარმეობრივი ეკოსისტემის გაძლიერებაში. უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ინოვაციური იდეების განხორციელებისა და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნას.