ათენში I საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი „საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა გასწვრივ“ ჩატარდა

20 ოქტომბერი 2026

16-17 ოქტომბერს, ათენში, I საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი „საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა გასწვრივ“ ჩატარდა. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ ათენის ქართული ინსტიტუტი, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გიორგი მაჩაბლის ფონდი და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება. სიმპოზიუმი ათენის ვებსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.

 

სიმპოზიუმის პროგრამა 50-ზე მეტ მოხსენებას აერთიანებდა პირისპირ და ონლაინ სექციებში. მონაწილეები საქართველოს, საბერძნეთის, კვიპროსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, იაპონიისა და აშშ-ის მკვლევრები იყვნენ. მოხსენებებში განიხილეს საქართველოს ურთიერთობა გარე სამყაროსთან ანტიკური ხანიდან დღემდე: კავშირები ბერძნულ-ბიზანტიურ და რომაულ სამყაროსთან, ქართული კულტურული კერები უცხოეთში, ქართული ემიგრაცია და დიასპორა, ქართულ-ბერძნული ისტორიული ურთიერთობები, ასევე ეროვნული იდენტობის, კოლექტიური მეხსიერებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მხრიდან, სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ და სამეცნიერო დისკუსიას უძღვებოდნენ: აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, ელინისტი თათია მთვარელიძე და აფილირებული პროფესორი, ჟან მონეს პროფესორი გურანდა ჭელიძე.

 

თათია მთვარელიძის ნაშრომი „გეორგიევსკის ტრაქტატის უცნობი ბერძნული თარგმანი (ΓΑΚ, Χφ36) და მისი მნიშვნელობა ქართული ისტორიოგრაფიისთვის“  პირველად შეისწავლის საბერძნეთის სახელმწიფო არქივში 2025 წელს მიკვლეულ, 1783 წლით დათარიღებულ Χφ36 ხელნაწერს, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის ბერძნულ თარგმანსა და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს შეიცავს; გურანდა ჭელიძის მოხსენებამ  „უმაღლესი განათლება და საქართველოს ევროპეიზაცია: ევროპული ღირებულებები და ეროვნული იდენტობა თანამედროვე საქართველოში“ გააშუქა უმაღლესი განათლების როლი საქართველოს ევროპეიზაციისა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების კონტექსტში.

 

სიმპოზიუმმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, გაეზიარებინათ მოსაზრებები, წარმოეჩინათ ქართული სამეცნიერო აზრის მრავალფეროვნება ისტორიის, ლიტერატურის, კულტურის, ეროვნული იდენტობისა და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ.