18 და 24 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (UCBP) ფარგლებში, ორდღიან ინტენსიურ, პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრას – „From Research to Impact: Thinking Commercially“ უმასპინძლა.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ინიციატივას, რომლის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების, საერთაშორისო პარტნიორობის, კვლევისთვის დაფინანსების მოძიების, კომერციალიზაციისა და ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება.
პროგრამას უძღვებოდა ბობ სმიტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციისა და მეწარმეობის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი. ბობ სმიტი ხელმძღვანელობს GWU-ის I-Corps-სა და Lean Startup პროგრამებს და აქვს 30-წლიანი გამოცდილება უნივერსიტეტებში კომერციალიზაციის მიმართულებით.
ორი დღიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მკვლევარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ სესიებში, ასევე გაევლოთ კონსულტაციები მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების კომერციული პოტენციალისა და დაფინანსების გზების შესახებ.
კურსის პირველ დღეს, მონაწილეები გაეცნენ კვლევის კომერციალიზაციის საფუძვლებსა და ბაზრის ანალიზის მეთოდებს. პირველ ეტაპზე მკვლევარებმა წარადგინეს მოკლე პრეზენტაციები და ჩაერთვნენ მრგვალი მაგიდის ფორმატის განხილვებში. დღის მეორე ნახევარი კი დაეთმო სავარჯიშოებს, რის შემდეგაც მონაწილეებმა შეარჩიეს ერთ-ერთი პროექტი შემდგომი განვითარებისათვის.
კურსის მეორე დღე დაეთმო რეალისტურ კომერციალიზაციის გზების შემუშავებას, მცირე კომერციალიზაციის რუკის შექმნასა და დაფინანსებისა და პარტნიორობების შესახებ (აშშ/ევროკავშირის მიმართულებით) სესიას. სამუშაო შეხვედრა დასრულდა მოკლე პრეზენტაციებითა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრით.
პროგრამა აშშ-საქართველოს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარება (UCBP)“ ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.