21 სექტემბერს Erasmus+ პროგრამის VIRTUALLYEDU პროექტის (Virtual Exchanges and Education on Digital Skills) ფარგლებში გაიმართა პროექტის დასკვნითი კონფერენცია - „ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდულ საქმიანობასა და განათლებაში“ (Bridging the Digital Skills Divide in Youth Work and Education). ღონისძიება პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და მონაწილეებმა შეაჯამეს მიღწეული შედეგები, გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსებისა და მიღებული გამოცდილების გამოყენება მომავალშიც.
კონფერენციაში 250-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის პროექტის პარტნიორებმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, მკვლევრებმა, ახალგაზრდებთან მომუშავე პროფესიონალები, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა. ღონისძიებამ შექმნა საერთაშორისო სივრცე ციფრული უნარების, ვირტუალური თანამშრომლობისა და სწავლების ახალი მიდგომების შესახებ იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა VIRTUALLYEDU პროექტის ძირითად შედეგებზე იმსჯელეს. მათ შორის იყო ვირტუალური სწავლებისა და ონლაინ თანამშრომლობის ერთობლივი სასწავლო პროგრამა (Joint Virtual Learning & Online Collaboration Curriculum), ვირტუალური გაცვლის ხუთი ციკლი, ფასილიტატორებისთვის ჩატარებული ტრენინგები, ციფრული უნარების ჰაკათონი და ღია წვდომის ელექტრონული სწავლების პლატფორმა. ამ ინიციატივებმა ხელი შეუწყო თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ციფრული კომპეტენციების განვითარებას.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა დისკუსია ვირტუალური თანამშრომლობის როლზე ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობაში, დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ციფრული უსაფრთხოების გაძლიერებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეუძლია ონლაინ სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას გეოგრაფიული, ინსტიტუციური და კულტურული საზღვრების გადალახვა და სწავლის უფრო ხელმისაწვდომი და შინაარსიანი გამოცდილების შექმნა.
დისკუსიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ფასილიტატორებმა და ჰაკათონის მონაწილეებმა. მათ მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ და მოსაზრებებმა წარმოაჩინა პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გაკვეთილები და მონაწილეებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
VIRTUALLYEDU-ს კონსორციუმი მადლობას უხდის ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, მომხსენებელს, ფასილიტატორს, მონაწილესა და ახალგაზრდას, რომელთა ჩართულობამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებასა და მისი შედეგების მიღწევაში.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა, მის ფარგლებში შექმნილი ცოდნა, საგანმანათლებლო რესურსები და ჩამოყალიბებული პროფესიული კავშირები მყარ საფუძველს ქმნის ციფრული განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობისა და ახალი ინიციატივებისთვის.
