20-24 ოქტომბრის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ესპანეთისა და ლიეტუვის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.
ალკალას უნივერსიტეტიდან, ესპანეთი, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ მარკეტინგის პროფესორები- ბლანკა გარსია და პატრისია ალამო და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, დანიელ როდრიგესი.
სხვადასხვა გაცნობითი ფორმატის შეხვედრები დაიგეგმა სტუმრებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის წარმომადგენელთან, ანასტასია გუდაძესთან, ასევე ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან, რომელსაც ესწრებოდნენ დეპარტამენტის წარმომადგენლები, ირაკლი სვანიძე და ანა დოლიძე.
სტუმრებს ასევე უმასპინძლა კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანმა, დიკო კოპალეიშვილმა და პროფესორებმა, ნინო თიგიშვილმა და ნატო რობიტაშვილმა, ასევე ეკონომიკის სკოლის პროფესორმა - აზერ დილანჩიევმა. დამატებით გაცნობითი სახის შეხვედრები შედგა აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელთან, თათია ჩოკორაიასთან, ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან, ნათია მაკარიძესთან და ქეთევან ადეიშვილთან და ესპანური ენის კათედრის ხელმძღვანელთან, ამალია მხითარიანთან.
პროფესორ დანიელ როდრიგეზს უპასპინძლა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა, შოთა ნიჟარაძემ და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურმა ხელმძღვანელმა, რატი სხირტლაძემ.
ასევე, აღნიშნულ კვირაში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტების მობილობების კოორდინატორს, დეიმანტე სტანკევიცესა და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, აურიმას გალკიონტასს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.

 
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                    