4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ანჟერის უნივერსიტეტის, საფრანგეთი, ტურიზმის ფაკულტეტის წარმომადგენლებს, პროფესორ დენალი ბუტენს და კამილ პუსიე ვიელს, ასისტენტს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით უმასპინძლა.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ერაზმუს+ ის პროგრამის ფარგლებში და განიხილეს სამომავლოდ აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. არსებული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში, ანჟერის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს, რომლებიც 2026 წლის გაზაფხულის სემესტრიდან შეუერთდებიან სასწავლო პროცესს პარტნიორ უნივერსიტეტში. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ანჟერის უნივერსიტეტის სტრუქტურას და მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კავკასიის უნივერსიტეტი საფრანგეთის 20-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გრძელვადიან და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს. უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საფრანგეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული დანიშნულების წერტილია გაცვლითი პროგრამის განსახორციელებლად.
