CU-ის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) - უპირობო 5 წლიანი აკრედიტაცია (ვალიდაცია) მიენიჭა.
კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა საქართველოში არის პირველი და ერთადერთი, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) უპირობო აკრედიტაცია აქვს.
17-18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) კომისიის წევრები, აკრედიტაციის მიზნით, სტუმრობდნენ.
RIBA-ს აკრედიტაციის მიღების პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადი იყო, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.
RIBA-ის წევრობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას, მის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანიჭებს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა: დიპლომი უმაღლესი ხარისხის ნიშნით, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება, წვდომა RIBA-ის სტუდენტურ პრემიებსა და პრეზიდენტის მედალზე (სადაც უკვე წარდგენილია კავკასიის უნივერსიტეტის სამი სტუდენტური პროექტი); შესაძლებლობა რომ მიიღონ RIBA-ის სტუდენტური ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ფულად მხარდაჭერას. ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის არქიტექტურულ ლიტერატურაზე წვდომა, RIBA-ის კონკურსებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ახალი ნორმებისა თუ რეგულაციების შესახებ მუდმივ ინფორმირება, რადგან RIBA არის არქიტექტურის თანამედროვე ფასეულობებისა და ღირებულებების გარანტი.