დეკანის მიმართვა

მოგესალმებით,

 

მადლობა რომ ესტუმრეთ ეკონომიკის სკოლის გვერდს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენი პროგრამებით. მე კი ჩემის მხრივ მოკლედ გეტყვით ვინ ვართ და რა პრიორიტეტებით ოპერირებს კავკასიის ეკონომიკის სკოლა საგანმანათლებლო ბაზარზე.

 

ეკონომიკის სკოლა 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც დინამიკური, განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიური სივრცე, რომელიც პასუხობს თანამედროვე ეკონომიკისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

 

როგორც სკოლის დეკანი, ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ აკადემიური საზოგადოების ნაწილი, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, წინსვლაზე და ქმნის სწორ ღირებულებებზე აგებულ საგანმანათლებლო სივრცეს, როგორც სტუდენტებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

 

დღეს ეკონომიკის სკოლა წარმოდგენილია უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. ჩვენ გთავაზობთ ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს, სამაგისტრო პროგრამას და ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამას. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებს შევთავაზოთ ფართო ხედვა, საერთაშორისო გამოცდილებაზე ორიენტირებული სწავლება და მყარი პროფესიული საფუძველი, იმისათვის, რომ მოვამზადოთ კონკურენტუნარიანი კადრები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიული გარემოსთვის.

 

ჩვენი სკოლის მთავარი ძალა ადამიანები არიან - მოტივირებული სტუდენტები, ერთგული, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და წარმატებული კურსდამთავრებულები. ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით საქმიანობენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე სწავლის პროცესშივეა აქტიურად დასაქმებული პროფესიული მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეკონომიკის სკოლის აკადემიური პროგრამების პრაქტიკულ ღირებულებას და სწავლების ხარისხს.

 

ეკონომიკის სკოლა მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ - ვაძლიერებთ კვლევით კომპონენტს, ვაფართოებთ საერთაშორისო თანამშრომლობებს და ვქმნით ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდა მთავარი ღირებულებებია, რადგან ღრმად გვწამს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ ცოდნის გადაცემის ადგილი არ არის, არამედ გარემო, სადაც ყალიბდება სწორედ კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა და მზადყოფნა არსებული გამოწვევების დასაძლევად.

 

თინათინ გიორგაძე

კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი