1-4 ივნისს, ბუქარესტში (რუმინეთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტებისა და სკოლების საჯარო ადმინისტრირების ქსელის (Nispacee) 30-ე საიუბილეო ყოველწლიური კონფერენცია - „კრიზისები, მოწყვლადობა და მედეგობა საჯარო მმართველობაში“ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის კონფერენციის ნაწილი იყო სახელმწიფო მართვის სკოლის ინიცირებული პანელი „პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია“ (Policy Development and Coordination), რომელსაც თანათავმჯდომარეობდა სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის ლექტორი, გიორგი ბობღიაშვილი.
კონფერენციის ფარგლებში წარდგენილ იქნა ეკა აკობიასა და გიორგი ბობღიაშვილის კვლევით ნაშრომი „პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის სისტემების ცენტრალიზაცია, საქართველოს მთავრობის მაგალითი“ (Centralization of Policy Development and Coordination Systems – The Case of the Government of Georgia). კვლევა აღწერს პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პრაქტიკებს საქართველოს საჯარო სექტორში, აანალიზებს მათ საჯარო მმართველობის თანამედროვე თეორიულ პარადიგმაში, და აყალიბებს პოლიტიკის რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღებთათვის. ნაშრომი გამოიცემა საკონფერენციო პუბლიკაციაში.
კონფერენციის ფარგლებში ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო საიუბილეო პანელში „NISPAcee 30 წლის შემდგომ.“ პანელში მონაწილეობდნენ ქსელის საორგანიზაციო კომიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, ყოფილი პრეზიდენტები და ორგანიზაციის დობილი პროფესიული ქსელების ხელმძღვანელები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონისთვის NISPAcee-ის ქსელის მნიშვნელობასა და როლს რეგიონში კარგი მმართველობის, დემოკრატიისა და საჯარო ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.
ეკა აკობიამ ასევე მონაწილეობა მიიღო NISPAcee-ს საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ქსელის საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირებული საორგანიზაციო საკითხები.
NISPAcee არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში განათლების, ტრენინგების, კვლევისა და პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბების საქმეში და მიზნად ისახავს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას რეგიონში (ამ ეტაპზე ქსელში გაწევრიანებულია რეგიონის 90 მეტი უნივერსიტეტი).