19 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრანტები ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ ცნობიერების ამაღლების მიზნით, „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ოფისს ესტუმრნენ. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდნენ USAID-ის რეგიონალური ოფისისა და „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ წარმომადგენლები: ნიკოლოზ ოყრეშიძე, ივანე პირველი და დანიელ პოტაში.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში USAID-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ. ასევე გაეცნენ „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე იმ ძირითად საქმიანობებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს დახმარებას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. შეხვედრის მონაწილეების მიერ განხილული იქნა „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ იმ ძირითადი ამოცანების განხორციელების მიმდინარეობა, რომლებიც საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების სრულყოფისა და ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდის უზრუნველყოფით განაპირობებენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ამომწურავი ცოდნა ქვეყნის წინაშე არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესახებ. გაეცნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ფარგლებში.
აღნიშნულმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ სტუდენტების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. სტუდენტებს მიეცათ საშუალება გლობალურ ჭრილში დაენახათ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები.