კონფერენციაზე შეკრებილ 300-მდე მონაწილეს ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) სექტორის უფროსმა, ბატონმა ფრანსისკო აგუადო სანჩესმა სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა 2021 წლის კონკურსის მნიშვნელობას, რადგან დაიწყო ერაზმუსის ახალი, 2021-2027 ჩარჩო პერიოდი. მისი თქმით, 2021 წლის კონკურსში ევროკომისიამ მიიღო 821 აპლიკაცია და დააფინანსა 281 (34 %). „ჩვენ ვაფინანსებთ მხოლოდ საუკეთესოებს... თქვენ საუკეთესო აპლიკაციები შექმენით ევროკავშირის სწავლებაზე... ჩვენ გვჯერა ევროკავშირის კვლევებისა და სწავლების ხელშეწყობის თქვენეული იდეების. პროგრამა ძალიან წარმატებულია მთელი მსოფლიოს მაშტაბით... თქვენ ხართ ელჩები გარკვეული თვალსაზრისით.“
მისასალმებელი სიტყვის შემდგომ კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ერაზმუს+ პროგრამის გრანტის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები და გამართეს კითხვა-პასუხი. კავკასიის უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდა სერგი კაპანაძე, ჟან მონეს პროფესორი (2016-2018), EUPOLTRANS პროექტის კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ირენა მელუა და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია.
კავკასიის უნივერსიტეტმა ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსში - ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრები (Centers of Excellence) გაიმარჯვა. პროექტის სახელწოდებაა - ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS). აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში და ფართო რეგიონში დაფინანსდა ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრი (Center of Excellence). ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია საქართველოში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის და ამ პროცესში აკადემიური სექტორის ჩართულობისთვის.
CoE EUPOLTRANS მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სწავლებას, კვლევას და დისკუსიას ევროკავშირის ექვსი საკანონმდებლო სფეროს შესახებ - გარემო, მომხმარებელთა დაცვა, კონკურენციის პოლიტიკა, შრომა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლებიც მოცემულია საქართველო-ევროკავშირის AA/DCFTA-ის შეთანხმებაში და მათი ტრანსპოზიცია იგეგმება 2021-2024 წლებში. პროექტს ექნება სასწავლო, კვლევითი და პოლიტიკის დებატებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის, სამართლისა და ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის ჩართულობით. პროექტის სასწავლო და კვლევითი პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ყველა ფაკულტეტისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის.