საჯარო ლექცია - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის პოლიტიკის მიმართულებები და პრინციპები“

28 მაისი 2022

24 მაისს, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Governance Partnership, OGP) ეგიდით მიმდინარე ღია მმართველობის კვირეულის (OGP Gov Week 2022) ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის პოლიტიკის მიმართულებები და პრინციპები“.

 

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამსახურის უფროსმა, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის პროექტების კოორდინატორმა, სალომე საღარაძემ, სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს  ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების, ასევე, OGP-ში საქართველოს მონაწილეობისა და ოთხი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია OGP საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო მექანიზმების და მათი განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ. მომხსენებლებმა სტუდენტებს, ასევე, გააცნეს თანამედროვე მმართველობის რეალური მაგალითები, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობისა და დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

 

ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და მომხსენებლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.