2018 წლის 25 დეკემბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლას ვანო ჩხიკვაძე ესტუმრა და ჟან მონეს კათედრის აქტივობების ფარგლებში, მან შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუციებისა და პოლიტიკის პროგრამის სტუდენტებთან ჩაატარა.
ვანო ჩხიკვაძე სტუდენტებს საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევაზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ, ჩატარდა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა სტუმარს დაუსვეს კითხვები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს მოუწოდა ჩაატარონ ფოკუსირებული კვლევა ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე, რომელიც იქნება დარგობრივი, კონკრეტული და აამაღლებს ცნობიერებას.
ასევე, ამ გამოკლევას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკის ანალიზის როლი და გამოყენებული იყოს რეკომენდაციად მთავრობისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ვანო ჩხიკვაძე მუშაობს ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერად ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოში" (OSGF).
იგი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებზე და ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მას აქვს დიდი გამოცდილება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებში. იგი მუშაობდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, სახელმწიფო მინისტრის ოფისში, სადაც ეხმარებოდა ევროინტეგრაციის პროგრამების განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებაში ეკონომიკური ინტეგრაციის, საზოგადოებრივი ცნობიერების, შესაძლებლობების გაძლიერების, განათლებისა და ტრეფიკინგის სფეროებში.