გავიცნოთ ევროპის მუზეუმები

17 იანვარი 2025

15 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა სალექციო კურსის „ევროპის ისტორიის“ (ლექტორი პროფ. გურანდა ჭელიძე) ფარგლებში წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „გავიცნოთ ევროპის მუზეუმები“.

 

გასულ წელს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ICOM საქართველოს წარმომადგენლების სტუმრობამ, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს არაერთი საინტერესო ინიციატივა გააცნო სტუდენტებს. საუბარი შეეხო  სამუზეუმო განათლების მნიშვნელობას, მუზეუმების სოციალური როლსა და მუზეუმების მონაწილეობას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. შეხვედრამ არაერთი საინტერსო იდეა წარმოშვა სტუდენტებს შორის და მათივე ინიციატივით მომზადდა პრეზენტაციები ევროპის მუზეუმების შესახებ. სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები უკვე მონახულებული ევროპული მუზეუმების შესახებ. წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ბრიტანეთის, ალტე პინაკოთეკას, ლუვრის, პრადოს მუზეუმების, ბელვედერისა და ჰოენზალცბურგის სასახლეების შესახებ.

 

მომხსენებლებმა ისაუბრეს კულტურის აღნიშნული ცენტრების ისტორიის, კოლექციებისა და ექსპოზიციების თაობაზე. ამას გარდა, ხაზი გაუსვეს ევროპის ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების გააზრებაში მუზეუმების მნიშვნელობას, თუ როგორ ასახავს მუზეუმები ცივილიზაციური განვითარების მრავალფეროვან ასპექტებს და აძლევს მნახველს წარსულთან და აწმყოსთან შეხვედრის შესაძლებლობას; იმსჯელეს მუზეუმების, როგორც კვლევისა და განათლების ცენტრების შესახებ, დაისვა საინტერესო კითხვები.