საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია, ევროპა, ამერიკა“

15 ნოემბერი 2023

10 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „კავკასია-ევროპა-ამერიკა“.

 

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ. კონფერენცია მიზნად ისახავდა ევრო-ატლანტიკური კვლევების მხარდაჭერას საქართველოში.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პროფესორები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე საზღვარგარეთის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გურანდა ჭელიძემ თემაზე „ამერიკული და ევროპული პოლიტიკა ჟურნალის „ამერიკული ინტერესი-საქართველოს ფურცლებზე“ და ამავე სკოლის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელისაბედ მაჩიტიძემ „თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა და კვიპროსის საკითხი XX საუკუნის 80-იან წლებში”. მოხსენებებს თან ახლდა საინტერესო დისკუსია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, მათი გადაწყვეტის გზების ძიების შესახებ ისტორიული გამოცდილების პრიზმაში.